logo
ENG



მეუფე ისაია: თუ დისტანციური მსახურების საჭიროება გახდება, მე არ შევეწინააღმდეგები

04 აპრ 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

ნიქოზისა და ცხინვალის მეუფე​ „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ  მრევლის ნაკადი ვირუსის გამო შემცირებულია და საკათედრო ტაძარში წირვას მხოლოდ სამი ადამიანი ესწრებოდა. მისვე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას დისტანციურ მსახურებასთან დაკავშირებით, რაც  მრევლისთვის ეკლესიის კარის დაკეტვას გულისხმობს, ის ამას არ შეეწინააღმდეგება, რადგან ახლა საგანგებო მდგომარეობაა და მსგავსი შეზღუდვები მისთვის მისაღებია. 

„რამდენიმე ადამიანი იყო დღეს ტაძარში - 2 თუ 3 კაცი. საღამოს ლოცვაზეც ალბათ იქნებიან. თუ დისტანციური მსახურების საჭიროება გახდება, მე არ ვეწინააღმდეგები. თუ აუცილებელია, მაშინ სახელმწიფო მეთაური, ამას იტყვის და მე პირადად დავეთანხმები“, - განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მეუფე ისაიამ

საქართველოს საპატრიარქო პოზიციებს არ თმობს და არც ღვთისმსახურებაში და არც ზიარების წესში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. თუმცა გარკვეული კორექტირება მსახურების დროსთან დაკავშირებით მაინც არის - ტაძრების წინამძღვრებს მითითება მიეცათ, რომ მსახურება 8 საათამდე დაასრულონ.

ეპიდემიოლოგები კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ ტაძრები შესაძლოა ვირუსის გავრცელების ახალ კერებად იქცეს.

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ლოცვა დაიწყება 4 საათზე დამთავრდება 8 საათზე. გადაწყვეტილება ეხება ყველა ტაძარს საქართველოს მასშტაბით, რომელიც ლოცვას იწყებდა 5 საათზე. გადაწყვეტილება საპატრიარქომ კომენდანტის საათის გამო მიიღო, რათა მრევლმა 9 საათამდე მოასწროს სახლში მისვლა და კომენდანტის დროს არსებული კანონი არ დაარღვიონ.

სხვა რეკომენდაციებიც გაავრცელა საპატრიარქომ, მათ შორის არის ის, რომ ყველა ეკლესიამ გამოყოს დისტანცირების ადგილები მრევლისათვის, სადაც მანძილი მეტრნახევარიანი დაშორება უნდა იყოს. საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვრებს მოუწოდებს, რომ ხატები ყოველდღიურად გაწმინდონ სპირტის და ვარდის ხსნარებით, დაამუშავონ იატაკი და გამოყონ პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეკლესიებში მრევლის გადაადგილებას გააკონტროლებს. 


close დახურვა